მოგზაურობა ავსტრალიაში

ყველაფერზე მეტად მოგზაურობა მიყვარს. მნიშვნელობა არ აქვს, სად წავალ – მცხეთაში, ქუთაისში თუ ლისაბონში. ნებისმიერი მოგზაურობისთვის გულმოდგინედ ვემზადები _ გურჯაანში მივდივარ თუ აკრაში, აუცილებლად მიმაქვს ფოტოაპარატი, ჩემი განუყრელი ზურგჩანთა პატარა თერმოსით, ლაპტოპითა და აიპოდით, პირველი დახმარების აფთიაქით, ფანარით და ჯაყვით. ალბათ გულუბრყვილობაა, მაგრამ მაქვს განცდა, რომ თითოეული მათგანი ჩემი ერთგული თანამგზავრია. იქნებ, იმიტომ, რომ ყველა ამ ნივთთან პატარა თავგადასავლი მაკავშირებს _ ზოგი სასაცილო, ზოგი სახიფათო… ჰო, კიდევ მთავარი დამავიწყდა – როგორც ყველა თავმოყვარე მოგზაურს, მოგზაურობაზე არანაკლებ მოყოლა მიყვარს. ამიტომაც გპირდებით, ამ კატეგორიაში ბევრს წაიკითხავთ და ნახავთ _ ისტორიებს, ფოტოებს, ვიდეოებს – საქართველოდან, ავსტრალიიდან აფრიკიდან, ამერიკიდან… სადაც ვყოფილვარ და რაც კი მინახავს. 

 

ავსტრალია 

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხუთი დღე ვიმგზავრეთ და ტრანსპორტის ზუსტად ექვსი საშუალება გამოვიცვალეთ, (მატარებელით თბილისიდან-ბაქომდე; თვითმფრინავით ბაქოდან დუბაიმდე; თვითმფრინავით დუბაიდან პერტამდე; თვითმფრინავით პერტიდან ადელაიდამდე; ჯეტით ადელაიდადან პორტ-ლინკონამდე; გემით პორტ-ლინკონიდან ნეპტუნის კუნძულებამდე _ ავსტრალიაში, უფრო სწორედ კი, ავსტრალიის მიწაზე სულ ორი დღე თუ მექნება გატარებული. დანარჩენი დრო ინდოეთის ოკეანის უკიდურეს სამხრეთში, ჯერ საშიშ რიფებთან, შემდეგ კი ნეპტუნის კუნძულებთან გავატარეთ.

 

პირველი შეხვედრა

 ხუთი დღიანი, მომქანცველი მგზავრობის შემდეგ, დილის 6 საათზე უჩვეულო სიჩუმეში გამეღვიძა. ქვედა საწოლზე ჩემი თანამგზავრი და ოპერატორი, მიშა რომ არ გამეღვიძებინა, მეზღვაურული, ვიწრო ნარიდან ჩუმად ჩამოვძვერი და პაწაწინა კაიუტიდან ლანდივით გამოვსხლტი. ორიოდ წუთში ზედა გემბანზე ვიყავი. ჩემს თვალწინ უჩვეულოდ მშვიდი და ულამაზესი პეიზაჟი გადაიშალა. „პრინცი 2“ გამორთული ძრავებით პატარა, ალაგ მწვანე, ალაგ კლდოვან კუნძულებს შორის მოქცეულ ყურეში ირწეოდა. ანკარა, ლურჯ ტალღებში პაწაწინა, ოღონდ ერთფეროვანი თევზები დაცურავდნენ. ნაპირზე, რომელსაც ათიოდე მეტრი გვაშორებდა, პატარა ზღვის ლომი იჯდა და ინტერესით მაკვირდებოდა. ლეკვებს რომ სჩვევიათ, თავი ზუსტად ისე გადააქნია და წყალში სასაცილოდ შეფართქუნდა. სადაური ლომია… მე ზღვის ძაღლს, უფრო სწორად, ძაღლუკას დავარქმევდი… 

ხმამაღალ ფიქრში ვიწრო კიბე ჩავირბინე და ქვედა გემბანზე, ზედ წყლის პირზე გასწორებულ შვერილზე გავედი. აეროპორტების ყაყანისა და ერთი „გეიტიდან“ მეორეში ნერვულ-ზურგჩანთული გადარბენების შემდეგ, აქაურმა მშვიდმა გარემომ ყველაფერი დამავიწყა. ურჯი ანკარა ტალღები შრიალით ლოკავდნენ ნაპირს. ცხაურაზე ჩამოვჯექი და ფეხზე გავიხადე. აქ ბანაობა ერთ რამედ ღირს – ვფიქრობდი ნეტარებით. ის იყო, ფეხის წვერით წყალს შევეხე, რომ…

 - არ გაბედო! ღვთის გულისათვის! შეჩერდი! –

 ფერდაკარგული ენდრიუ ზედა გემბანიდან ღრიალებდა და ჩემსკენ მორბოდა.

- ის შენ გიცდიდა, გესმის? იცი, სად ვართ? აქ თეთრი სიკვდილის სამფლობელოა!

 ენდრუს ხელს თვალი გავაყოლე და ძარღვებში სისხლი გამეყინა. ზვიგენის უზარმაზრი ლანდი ზუსტად ცხაურის წინ გაცურდა და ლურჯი წყლის სიღრმეში გაუჩინარდა…  – ჯანდაბა! ამ დილაუთენია რამ გაგაღვიძა?! კიდევ კარგი, გამოვედი… შენ რა, აქ თავის მოსაკლავად ჩამოხვედი? – აქამდე ზედმიწევნით ზრდილობიანი მასპინძელი ახლა ისტერიულად უტყამდა ხელს რკინის მოაჯირს და მთელი სერიოზულობით მეჩხუბებოდა. მერე კი უცბად დაწყნარდა. მომიახლოვდა, თვალებში ჩამხედა და მშვიდად მითხრა: მისმინე, მეგობარო! აქ ძალიან ფრთხილად უნდა იყო! „დიდი თეთრი“ ყველას ძალიან გვიყვარს, მაგრამ გახსოვდეს, რომ ზვიგენისთვის სულ ერთია, მეცნიერს შეჭამს, ჟურნალისტს თუ კამბალას…

 ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა დიდ თეთრ ზვიგენთან … იგივე „თეთრ სიკვდილთან“, იგივე „ოკეანის ურჩხულთან“ _ როგორც მას ავსტრალიელები მოიხსენებენ. ენდრიუ კი, ჩვენი ნერვიული და კეთილი მასპინძელი, კიდევ ბევრჯერ გადაგვარჩენს…

 პირველი ნაწილის დასასრული

კატეგორია: მოგზაურობა
მკითხველის კომენტარი
  1. ქაჯანა

    მარტო არ მიშვებენ და შენთან ერთად რო წამოვიდე შეილება?:)ეს რა თქმა ნდა ხუმრობით.რა ბედნიერი ხარ…გაიხარე და ჩვენც გაგვახარე:)

  2. სურამელი

    მოდი,პუტინი და მედვედევი გავუშვათ თეთრი სიკვდილის სამფლობელოში, ოღონდ ენდრიუ არ გავაყოლოთ:D:D დარწმუნებული ვარ ევროპა შეშფოთდება:D:D:D:D

  3. მარიამიტა

    ერთი სული მაქვს გაგრძელებას როდის წავიკითხავ.როგორ მიხარია რო ისეთი ადამიანებიც არიან რომ ბუნებას ესე გრძნობენ და ახარებთ

  4. dachi

    მოდი,პუტინი და მედვედევი გავუშვათ თეთრი სიკვდილის სამფლობელოში, ოღონდ ენდრიუ არ გავაყოლოთ:D:D დარწმუნებული ვარ ევროპა შეშფოთდება:D:D:D:D

    ცხადია, შეშფოთდება _ ზვიგენების გამო :)

  5. dachi

    ერთი სული მაქვს გაგრძელებას როდის წავიკითხავ.როგორ მიხარია რო ისეთი ადამიანებიც არიან რომ ბუნებას ესე გრძნობენ და ახარებთ

    გაგრძელება იქნება – უახლოეს მომავალში

  6. თინიკო

    გაგრძელებას ველოდებით. ძალიან საინტერესოდ წერთ.

  7. დიანა

    რა მაგარიააა, მეც მინდა :)

  8. იაკო

    მაგარიააა…გაგარძელებას ველოდებიი:)

  9. ლილე

    გაგრძელება მინდა :) :):)

დამიტოვეთ კომენტარი